მცხეთის მერიაში ერთი წლის წინაც იცოდნენ, რომ GWP-ს წყლის მილთან ნაგავი იყრებოდა

წიწამურთან ჩამოშლილი მიწა, რომელმაც წყლის მაგისტრალური მილი დააზიანა. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 18 აპრილს.

მცხეთის მერიაში, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმირებული იყვნენ, რომ წიწამურის გადასახვევთან, არაგვის ხეობაში, GWP-ს მაგისტრალურ წყალსადენთან სამშენებლო ნარჩენს „ვინმე მესამე პირი“ უკანონოდ ყრიდა.

ამას ცხადყოფს პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიიღო.

ირკვევა, რომ ამ ადგილზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ დაყრისთვის ჯარიმა ორჯერ გამოწერეს:

  • პირველად შარშან - მცხეთის ზედამხედველობის სამსახურმა.
  • მეორედ წელს - გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

„მიწის დაყრის ფაქტზე წინა წელს, მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაჯარიმებული ჰყავს 30 000 ლარით. წელს, საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახური და გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელმაც ჯარიმა გამოწერა აღნიშნულ ფაქტზე.
ერთსა და იმავე დარღვევაზე ორი უწყება ვერ დააჯარიმებდა. დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის დეპარტამენტს“
, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას მცხეთის მერიაში.

უწყებაში არ პასუხობენ დამაზუსტებელ კითხვას, ვინ დააჯარიმეს - კომპანია თუ ინდივიდუალური პირი.

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი ნარჩენების უკანონო განთავსებისთვის ჯარიმების სხვადასხვა ოდენობას ადგენს.

ამ მუხლით 30 000 ლარით ჯარიმდება იურიდიული პირი, რომელიც გარემოს დაანაგვიანებს 50 მ3 ან 50 მ​3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით. ეს არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ამ ტიპის კანონდარღვევაზე შეიძლება გამოიწეროს.

ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია“, - წერია „ნარჩენების მართვის“ კოდექსში.

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაჯარიმებული იყო იურიდიული პირი ანუ კომპანია, რომელიც ასევე ვალდებული იყო ტერიტორია ნარჩენებისგან გაეწმინდა.

ამასთან, მცხეთის მერიაში დამატებით განმარტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ამ ფაქტთან დაკავშირებით, დაკითხვაზე მერიის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა“.

„აღნიშნული მიწა არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, არის სახელმწიფო ტერიტორია და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს“, - განმარტეს მცხეთის მერიაში.

რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

წყალმომარაგების კომპანია GWP გამოძიების ინტერესების დაცვის არგუმენტით არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ინფორმირებული, რომ უკანონოდ დაყრილი მიწა მაგისტრალურ მილს აზიანებდა.

„კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან კომპანიის წარმომადგენლები თავს იკავებენ. გამოძიების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც საქმეს მიეცემა გარკვეული შეფასება”, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას თბილისის წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. შსს-ში ამ ეტაპზე არ აზუსტებენ, გამოიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე.

16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ის სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისის ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. შედეგად, 63 000-ზე მეტ აბონენტს წყალი მეოთხე დღეა, გრაფიკით მიეწოდება. მილის შეკეთების სამუშაოების დასრულების ვადად კომპანია GWP-მ გუშინ, 19 ივნისს, ექვსი დღე დაასახელა.

ასევე ნახეთ სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება? - GWP გრაფიკს აქვეყნებს