17 ივნისს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ტელეგრამ-არხი „ასტრა“ ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ აფეთქებები გამოიწვია მეტალურგიული კომბინატის და ტრაქტორების ქარხნის ტერიტორიებზე. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის „სამრეწველო ტერიტორიაზე“ დრონებით შეტევა იყო, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. არტამონოვმა ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, 2-2 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ცნობით, ლიპეცკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში და ორი - ვორონეჟის ოლქში.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.