GWP: წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით

ფოტო არქივიდან: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატვირთო მანქანა ცისტერნით

თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგებზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP). ის წერს, რომ დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი, გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას ართულებს და შესაძლოა, გამოიწვიოს პროცესის გახანგრძლივება.

კომპანია რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.

„იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს“, - წერია განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნავს, რომ „წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“.

16 ივნისს სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. სწორედ ის ამარაგებს სასმელი წყლით ქალაქ მცხეთას, თბილისის ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ამჟამად მათ წყალი არ მიეწოდებათ.