თბილისში, მზიურის პარკში მდებარე კაფე, რომელიც უკვე 8 წელია ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპით, ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან მიღებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მთავრობა იმ შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს, რომელიც ამ დრომდე უსასყიდლოდ განკარგვის უფლებით ჰქონდა კაფის მენეჯმენტს გადაცემული. წერილში, რომელიც 13 ივნისით არის დათარიღებული და რომელსაც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ თბილისის მერია 64 კვადრატული მეტის ფართის მქონე ამ შენობას განიხილავს ბიუჯეტში "თანხების მობილიზაციის საშუალებად."
"გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.
8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით.
ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე" - წერს კაფის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელია და არანაირი წინასწარი საუბარი ამ თემაზე ქალაქის მთავრობის მხრიდან არ ყოფილა.
"მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად" - წერენ კაფის თანამშრომლები და მხარდამჭერებს სთხოვენ დაიცვან ეს სივრცე სოციალური სივრცის ფუნქციით.
ანა გოგუაძე, რომელიც მზიურში სოციალური საწარმოს და ამ პატარა შენობაში კაფის გახსნის ინიციატორი და იდეის ავტორია, ძველი შენობის გაცოცხლებამდე მეგობრებთან ერთად წლების განმავლობაში აწყობდა მზიურის პარკში მზის ფესტივალს. თავად კაფე მოქალაქეების ჩართულობით, შემოწირულობებით და დახმარებით გაიხსნა. შემოსული თანხები კი პირველ წლებში ისევ მზიურის პარკის განახლებას და კეთილმოწყობას ხმარდებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
კაფე არაერთხელ გამხდარა იქ გამოკიდებული დროშების გამო ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების თავდასხმის სამიზნე.