საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში ზელენსკის შემდეგ ანჯეი დუდას და მაია სანდუსაც შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას და მაია სანდუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე შეხვედრები გამართა როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.

"საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შეხვედრის შესახებ.

მოლდოვის პრეზიდენტს კი სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი.

მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.

ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.