სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - 26 მაისი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც 15-16 ივნისს უკრაინის მშვიდობის სამიტი იმართება. სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.

სალომე ზურაბიშვილი სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.

„მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება“, - თქვა შვეიცარიაში ჩასულმა ზელენსკიმ 15 ივნისს მედიასთან.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს სამშვიდობო სამიტზე

რადიო თავისუფლება გასული დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უშედეგოდ ცდილობდა იმის გარკვევას, მიიღებენ თუ არა ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის წევრებიც.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, მშვიდობის გლობალურ სამიტში ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით იქნებიან.

ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.