მინისტრმა თქვა, რომ მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით 35%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალო მატება 500 ლარი იქნება.
„2024 წლის 1 ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში მასწავლებლების ხელფასი, სტატუსების მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის ტრიბუნიდან და დააზუსტა, რომ „უკვე ბოლოსკენ არის ყველა საკანონმდებლო თუ ნორმატიული პროცედურები, თქვენ [დეპუტატებმა] შესაბამის კანონებს მხარი უკვე დაუჭირეთ, ახლა სამინისტროში მიმდინარეობს გარკვეული, ასე ვთქვათ, ნორმატიული აქტების დამუშავება".
განათლების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ხელფასი ყველა პედაგოგს გაეზრდება.
„პირველი ივლისიდან, ჩვენ როგორც დავპირდით ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს, საგრძნობლად, ყველას, ხაზს ვუსვამ, ყველას, არცერთი ადამიანი, პედაგოგი, სტატუსიანი, ვინც ახლა გვყავს სისტემაში და ასეთი არის დაახლოებით 53 000-მდე პედაგოგი, თითოეულ მათგანს ექნება ხელფასების ზრდა. უახლოეს მომავალში რეალურად გამოქვეყნდება ის ნორმატიული აქტები, სადაც უკვე დეტალურად იქნება გაწერილი ის პრინციპები, თუმცა მატება საშუალოდ იქნება 500 ლარი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა [სტილი დაცულია].
საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოში საჯარო სკოლებში 57 586 მასწავლებელი მუშაობს.
მინისტრის განცხადების პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის ზრდა, სავარაუდოდ, უნდა შეეხოს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსის მიუხედავად, სრული დატვირთვით აქვთ საგაკვეთილო საათები.
ამავე განცხადების მეორე ნაწილში კი გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ ხელფასის ზრდა შეეხება სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს.
მასწავლებელს შეიძლება მიენიჭოს შემდეგი სტატუსი: უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი. თითოეული მათგანის მოსაპოვებლად პედაგოგს გარკვეული საფეხურის გავლა უწევს.
პარლამენტში გიორგი ამილახვრის სიტყვით გამოსვლის დროს განათლების სამინისტრომ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა კარდი, რომელშიც წერია: „1 ივლისიდან საჯარო სკოლის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება“.
აქ სრული დატვირთვის შესახებ უკვე არაფერია ნახსენები და არც გაზრდილი ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა არის დაზუსტებული.
სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე, ამ პოსტის ქვეშ ცდილობდნენ დაეზუსტებინათ, ხელფასის ზრდა ყველა მასწავლებელს ეხება თუ არა? საპასუხოდ, კომენტარი დაწერა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ანზორ ბოლქვაძემ: „დატვირთვის მიხედვით თითქმის ყველას და მეტიც“.
დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლებამ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა შეკითხვით, 1 ივლისიდან საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასის ზრდა არის თუ არა დამოკიდებული მასწავლებლის სტატუსსა და მის სრულ დატვირთვაზე?
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, სამინისტროსგან განმარტება არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხი მიღებისთანავე აისახება.
განახლება
17 ივნისს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, რადიო თავისუფლებამ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დეტალების შესახებ შეკითხვა დაუსვა განათლების მინისტრს.
ამილახვარმა განმარტა, რომ ხელფასის ზრდა ეხება ყველა პედაგოგს, მიუხედავად დატვირთვისა, მათ შორის, ყველა სტატუსიან პედაგოგს. თუმცა, აღნიშნა, რომ დანამატი სტატუსის მიხედვით განსხვავებული იქნება.მინისტრმა დაამატა, რომ ფორმულის დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ნორმატიული აქტი შევა ძალაში და გამოქვეყნდება.
ასევე ნახეთ ამილახვრის თქმით, პედაგოგთა ხელფასის ზრდის ფორმულის დეტალები მალე გახდება ცნობილი
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კი გიორგი ამილახვარმა ასევე ილაპარაკა მასწავლებელთა კარიერული განვითარების განახლებული სქემის შემუშავების გეგმაზე. მას არ დაუკონკრეტებია, რას შეეხება ცვლილებები.
„მასწავლებლებთან დაკავშირებულმა პროცესების ანალიზმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დღეს არსებული მათი კარიერული განვითარების ე.წ. სქემა საჭიროებს განვითარებას, გადახედვას და უფრო დახვეწას. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირდაპირ გვინდა ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს გამოვუცხადოთ ნდობა და შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება [მივცეთ] ყველას, სტატუსის მიუხედავად, თუმცა, რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და სტატუსებს შორის ხელფასების სხვაობაც, ბუნებრივია, დარჩება, დამსახურების და მოპოვებული სტატუსის მიხედვით, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა და დაამატა, - საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ როგორც პროფკავშირები, ასევე ყველა ჯანსაღი, დაინტერესებული, ამ კომისიასა და სამუშაო პროცესში იქნება ჩართული და წლის ბოლომდე ჩვენ ჩვენს პედაგოგებს გაუმჯობესებულ, განახლებულ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზითა და სტანდარტებით აპრობირებულ კარიერული განვითარების სქემას შევთავაზებთ“.
2023 წლის დეკემბრში იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1200 ლარია.