საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საგარეო უწყება NATO-ში ელჩის თანამდებობაზე მის კანდიდატურას აღარ წარადგენს, რადგან პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერს.
„ჩემ კანდიდატურას აღარ წარადგენს [საგარეო საქმეთა სამინისტრო], მე როგორც ვიცი, ელჩის თანამდებობაზე იმიტომ, რომ პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ზოგადად ვიცი, რომ მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ აწერს ელჩებს ხელს... ჩვენ განვიხილავთ სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, ისევ პარტნიორ ქვეყნებში... არ შეიძლება პრინციპი გქონდეს ისეთი, რომელიც შენს ქვეყანას აზიანებს“, - უთხრა „მთავარ არხს“ ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე პრემიერ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ არის.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ზოგადად ილაპარაკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შესახებ.
„ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის რაღაც პროცესები ბოლო პერიოდში, არიან კანდიდატები, რომლებსაც ის ხელს არ აწერს“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს, „არადა მას არ აქვს შინაარსობრივი განსჯის უფლება საქართველოს კონსტიტუციით“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია.
საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების მუხლში, წერია, რომ პრეზიდენტი „მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა პარლამენტარმა.