მამუკა მამულაშვილი ადასტურებს, რომ მოწამლული იყო

მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.

როგორც მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მუცლის არეში ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ გაარკვიეს, რა იწვევდა სხვადასხვა ორგანოს ანთებას. თვე-ნახევრის წინ გერმანიაში გაიგზავნა ანალიზები, მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით კი, მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.

"ვერ ხვდებოდნენ ანთების გამომწვევ მიზეზს, გამოძიებაც დაიწყეს. ამჟამად ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები დაწეულია. ფაქტია, მაღალი მაჩვენებლები იყო. როგორც ამიხსნეს, საკვებით არის უფრო მიღებული, ფხვნილის სახით არის საკვებში შერეული. ხანგრძლივი მკურნალობა მიტარდებოდა, სხვადასხვა ორგანოების ანთება მიმდინარეობდა - ღვიძლის და სხვა. რა კურსსაც გავდიოდი, უფრო დამდგარი შედეგის ანუ ანთების მკურნალობა მიტარდებოდა”, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მისი სიტყვებით, ეს უკრაინაში მისი მოწამვლის უკვე მესამე შემთხვევაა.

რუსულ საინფორმაციო წყაროებში მანამდე რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია "ქართული ლეგიონის" მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ.

ასევე ნახეთ „თავს იხარებენ“ - მამუკა მამულაშვილი უკრაინაში თავისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით. თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.