სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

მოსკოვის ბირჟა(MOEX) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 2024 წლის 12 ივნისს დაამატეს.

მოსკოვის ბირჟა იძულებულია დღეიდან, 13 ივნისიდან, შეწყვიტოს ვაჭრობა ამერიკული დოლარით და ევროთი. მიზეზი ბირჟის სანქცირებაა. 12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX).

მოსკოვის ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, 13 ივნისიდან „სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი“. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.

მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.

მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს. სანქციებმა ეს სისტემა ფაქტობრივად გატეხა.

ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს დაადგენს ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით. ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.