როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სეტყვა, დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა, თუმცა მნიშვნელოვნად დააზიანა ვენახები, ხილის ბაღები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ავტომობილებიც.
“სეტყვა დიდი ხანი არ ყოფილა, მაგრამ იმხელა მარცვლები იყო ბოსტანში რასაც მოხვდა ყველაფერი გაანადგურა. ახლა ვენახში მივდივართ და იქ ვნახავთ რამდენად დიდია ზარალი, თუმცა მეზობელმა იქიდან დამირეკა, რომ არ არის კარგი ვითარებაო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა იყალთოში.
თელავის მერიაში ამბობენ, რომ სოფლებში მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სწავლობენ სად რა ზიანია.
“ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, დიდი ზარალი არ უნდა იყო, თუმცა ჩვენი თანამშრომლები დააზუსტებენ და მოგვიანებით გვეცოდინება”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თელავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სეტყვამ და წვიმებმა კახეთის სხვა რაიონებიც დააზარალა. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობის და ბუნებრივი აირის მილები, რომლებიც ახლა აღდგენილია.