გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის - ლილუაშვილი კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი

სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომ თითქოს ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრისას დაემუქრა.

12 ივნისს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ლილუაშვილმა "მეგობრული გაფრთხილება" უწოდა ვარჰეის ნათქვამს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. მოგვიანებით, მანვე განაცხადა, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზადაა, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია მუქარაზე.

"უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლისსამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისად არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის... გამოძიების დასაწყებად არაა სათანადო მტკიცებულებები". კითხვაზე, იტყუებოდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი? - ლილუაშვილი პასუხობს: "პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ოლივერ ვარჰეიმ] გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა?"

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს.

"ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეიმ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მისი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი მთლიანად ამოიღეს კონტექსტიდან.

"მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია...

რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში", - დაწერა მან.

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.