აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასრულდა ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების გასვლის პროცესი.
"პირადმა შემადგენლობამ, შეიარაღებამ და მშვიდობის დამცველთა კონტინგენტის ტექნიკამ მთლიანად დატოვა ჩვემი ტერიტორია" - ნათქვამია განცხადებაში. იქვე გამოქვეყნებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია რუსეთის დროშით გადაადგილებული საბრძოლო ტექნიკა, როგორც ჩანს აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვების პროცესში.
მოსკოვს ამ ცნობაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
მთიანი ყარაბაღის და ე.წ. ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროები განათავსეს 2020 წლის შემოდგომაზე, იმ ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიათა მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის კონტინგენტი, რომელსაც, სამი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების თანახმად, სამშვიდობო ფუნქციები უნდა ეტვირთა, ამ არეალებში განთავსდებოდა ხუთი წლით, ვადის გახანგრძლივების საშუალებით.
2023 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებული ახალი, მოკლევადიანი საომარი კამპანიის შედეგად ბაქომ კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
ერევნიდან გავრცელებული კრიტიკის პასუხად, რუსეთში მაშინ აცხადებდნენ, რომ მშვიდობის დამცველი კონტინგენტის ფუნქციებში არ შედიოდა აზერბაიჯანის მხრიდან ახალი შეტევის აღკვეთა. რუსეთის სამხედროები ხელს უწყობდნენ ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების გასვლის პროცესს. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედრო - ბაქოს განცხადებით, ეს იყო შეცდომის შედეგი.
რუსეთის სამხედროები ყარაბაღის ტერიტორიაზე რჩებოდნენ, თუმცა აპრილში გამოცხადდა, რომ ისინი ამ ტერიტორიას დატოვებდნენ დათქმულ ვადაზე ადრე.
ასევე ნახეთ არქიეპისკოპოსი - სომხეთის პრემიერობის შესაძლო კანდიდატი?