რუსეთის საგარეო: საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა "მედიის მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაციაა"

ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო РИА Новости-ს პასუხობს, რომ "ვერ ხედავს აზრს კომენტარი გააკეთოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.

საუბარია ქართული ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციაზე, რომ საქართველო და რუსეთი შესაძლოა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ „მთავარს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

„მთავარის“ შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაცია წყაროებმა დაუდასტურეს ტელეგრამის არხს BRIEF -ს. „საქართველოს და რუსეთის საელჩოების გახსნა მოსკოვსა და თბილისში დროის საკითხია". BRIEF-ს განუცხადა დიპლომატმა ამიერკავკასიის ქვეყანაში. იგივე ინფორმაცია დაადასტურა BRIEF-ს თანამოსაუბრემ თბილისში შვეიცარიის საელჩოში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობა მიუთითებენ საქართველოში პრორუსული განწყობის პოლიტიკოსები, ასევე რუსეთში კრემლთან დაახლოებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია "Звезда"-ს ეთერში განაცხადა ქართული წარმოშობის ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, რომელიც წარმოადგენს პრორუსულ პარტიას "სოლიდარობა მშვიდობის სახელით". გასულ წელს ის საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში შეხვდა პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატს ფრინდონ ინჯიას.

ინჯიამ ტელეკომპანია "მთავართან" უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა მოსკოვში ვიზიტსა და მამუკა ფიფიასთან შეხვედრაზე.

ფრიდონ ინჯია და მამუკა ფიფია

მაისში მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.

მანამდე, 12-დან 14 მაისამდე, მოსკოვში რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სიტყვით მიმართეს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს.

სათვისტომოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ

•თანამემამულეებს გამოცდის გარეშე უნდა მიანიჭოს მოქალაქეობა;

• უნდა გაახანგრძლივოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება;

• მოაგვაროს შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში რიგების პრობლემები;

• შექმნას სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩასული თანამემამულეების ინტეგრაციის პროგრამები;

• გააფართოოს თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის უფასო ონლაინ სწავლების სახელმწიფო პროგრამები.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ადრე გაკეთებული კომენტარების მიხედვით პარტია "ქართული ოცნება" ამ საკითხს არ განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციამდე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.