დღეს, 11 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ორჯერ გამოაცხადა შესვენება, თუმცა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო. ანონსის მიხედვით, სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
იმისთვის, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილი იყოს, საჭირო არის სხდომაზე რეგისტრაცია გაიაროს 76-მა დეპუტატმა, რაც ჯერჯერობით მხოლოდ 73 პარლამენტარმა გააკეთა. ამჟამად პარლამენტში კვლავ შესვენება არის გამოცხადებული.
პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ დარბაზში ფიზიკურად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ 62 დეპუტატი და ამ დროს ტაბლოზე დაფიქსირდა 73.
„ასეთი რამ ამ პარლამენტში ჯერ არ მახსოვს. სანქციების შემდეგ პირველი სესია ვერ გახსნეს“, - წერს აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. „აღმოჩნდა რომ 60 დეპუტატი არის დარბაზში, ნაცვლად 76-ისა. ფულიანი ხალხია ჩვენი კოლეგები. ზოგი ერთ კურორტზე არის და ზოგი მეორეზე. ნაწილი საერთოდ არგენტინაში ნებივრობს, მე არ წამიყვანეს, სხვათა შორის“, - უთხრა ხვიჩიამ „TV პირველს“.
პარლამენტის პლენარული სხდომები სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით იხსნება.