შემთხვევის ამსახველ ვიდეოს იგი ფეისბუქზე ავრცელებს და წერს, რომ პასპორტი ჩამოართვეს და გამგზავრების უფლება არც მის თანმხლებ მეგობარს მისცეს.
ვიდეოში ისმის, როგორ მიმართავს დეპუტატი მას სიტყვებით: "თავხედი ხარ და გაუზრდელი", წიწიკაშვილი კი ჯაფარიძის თანმხლებ ქალს ეუბნება: "თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ [ღილაკზე] თითის მიჭერით, საქართველოს ევროპული მომავალს უთხრა უარი. უნდა შეგრცხვეთ ყველგან, გრცხვენოდეთ".
კადრში, ასევე ჩანს ერთი პოლიციელი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დგას. სიტყვიერი შელაპარაკების დროს წიწიკაშვილმა თქვა: "სანამ გადაამოწმებთ ვინ ვარ, მე გეტყვით, რომ ვარ მარიამ წიწიკაშვილი, ემიგრანტი დედის შვილი", - რასაც მოჰყვა დეპუტატ ჯაფარიძის რეპლიკა: "გეტყობათ".
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარიამ წიწიკაშვილი იხსენებს, რომ 9 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მეგობართან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, რა დროსაც აეროპორტის გასაფრენ სივრცეში ვიქტორ ჯაფარიძე შენიშნა. მისივე სიტყვებით, მან დეპუტატს უთხრა, რომ გულდაწყვეტილი იყო ["აგენტების კანონის" მხარდაჭერაზე] მისი გადაწყვეტილების გამო და, რომ ამით საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად, დასამარდა.
"საუბარში ჩაერთნენ თანმხლები პირები, ამას შელაპარაკება და პასუხები მოჰყვა. ინციდენტი 3-5 წუთს გაგრძელდა, მალევე ამოიწურა, რა დროსაც მე განმეორებით ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, უცაბედად გაჩნდა პოლიციელი, რომელიც ნანახი არ გვყავდა. გვითხრა, რომ საჩივარი იყო დაწერილი და პასპორტები უნდა მიგვეცა, შემდეგ ერთი საათის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ ჩვენ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიეთ, არკვევდნენ რაღაცებს და ამიტომ არ გვიბრუნებდნენ პასპორტებს. შემდეგ მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი, რომელაც გვითხრა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო და გვკითხა, სად ვმუშაობდით. ამ ერთსაათიანი გაურკვევლობის დროს არავის უკითხავს რა მოხდა და რატომ მოხდა", - ჰყვება მარიამ წიწიკაშვილი.
როგორც ის ამბობს, გამოკითხვების შემდეგ, იგი პოლიციამ ცალკე ოთხაში გაიყვანა და დაახლოებით, დილის 7 საათზე უთხრეს, რომ [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის] 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლით იყო დაკავებული.
მისივე თქმით, ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისი მოთხოვნის შემდეგ მისცეს, რის შემდეგაც აეროპორტიდან, პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პროცესი გაიმართა.
"სასამართლოზე პოლიციელმა აღნიშნა, რომ სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს გასაფრენ დარბაზში, რომ "შეწუხდნენ". ასევე აღნიშნა, რომ გაფრენას აპირებდა და ამიტომ დავაკავეთო. თუმცა ჩვენ არ გვინახავს იქ ადამიანი, რომელიც პოლიციასთან მივიდა და უთხრა, რომ შეწუხდა. რამდენიმე მოქალაქე ვნახეთ, რომლებმაც ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრეს, რომ მას ამის მოთმენა მოუწევდა", - ამბობს ის და ამატებს, რომ სასამართლო პროცესი 19 ივნისისთვის გადაიდო, რომელზე დასწრებას თავადაც გეგმავს.
წიწიკაშვილის თქმით, მან და მისმა მეგობარმა უცხოეთში გამგზავრება დღეს, 10 ივნისს მოახერხეს.
"ჩვენი ზარალი არის, ჯამურად 800 ლარი, რადგან ახალი ბილეთი ავიღეთ და მაინც წამოვედით".
ასევე ნახეთ „აგენტების კანონს“ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერასაქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, - და სამი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.