ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხმას აძლევს 2024 წლის 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. არჩევნებში, პროპორციული წესით 7%-იანი ბარიერი გადალახა კენჭისყრაში მონაწილე შვიდიდან ოთხმა პარტიამ. ამის შესახებ 10 ივნისს, შუადღის შემდეგ გამოაცხადა დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

კომისიის თანახმად, ბიულეტენების 87%-ის დამუშავების შედეგად 30,32% აქვს პარტია „ერთიან ოსეთს”, რომლის ლიდერია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი. მოქმედი „პრეზიდენტის” ალან გაგლოევის პარტია „ნიხასს“ ხმა მისცა 29,93%-მა. ბარიერი გადალახეს „სახალხო პარტიამ”(15,41%) და კომუნისტებმა (7,12%).

დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა. ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც ოქმების 21%-ის დამუშავებას ეფუძნებოდა, პროპორციული სისტემით 45,67% ჰქონდა „ერთიან ოსეთს", 29,59% „ნიხასს“, დანარჩენ პარტიებს კი, 7%-ზე ნაკლები.

ასევე ნახეთ ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნების შედეგები შუაღამის შემდეგ აღარ შეცვლილა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის 34 წევრიდან ნახევარს პროპორციული და ნახევარს მაჟორიტარული წესით ირჩევენ.

„ნიხასმა“ ჯერ კიდევ დილით გამოაცხადა, რომ პარტიის კანდიდატებს „მაღალი მაჩვენებლები“ აქვთ მაჟორიტარული სისტემით, რაც პროპორციული წესით მიცემულ ხმებთან ერთად უზრუნველყოფს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

„ერთიანი ოსეთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცდილობენ პარტიას გამარჯვება მოჰპარონ. ბიბილოვის პარტიამ საარჩევნო კომისია გაყალბებაში დაადანაშაულა, ზოგიერთ უბანზე შედეგების გაუქმება მოითხოვა და მხარდამჭერებს მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბონ.

ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. არჩევნების ჩატარებას გმობს და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.

  • 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. იგივე გააკეთეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ.