ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან არაერთხელ დატოვეს თანაგუნდელებმა. რამდენიმე ეპიზოდი იმდენად კრიტიკული იყო, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ფორმალურად შემობრუნებაც კი დასჭირდა.
„ოცნების“ გუნდი რამდენიმე წევრმა დატოვა 2023 წელს „აგენტების კანონის“ მიღების გამოც. მაგრამ 2024 წელს, „აგენტების კანონის“ ხელმეორედ, უკვე საბოლოოდ მიღების მიუხედავად, საპარლამენტო და სამთავრობო გუნდებში შესამჩნევი რყევები არ ჩანს.
ამ სტატიაში ვიხსენებთ „ქართული ოცნების“ რღვევისა და განმტკიცების ქრონოლოგიას და ვცდილობთ, გავცეთ პასუხი შეკითხვას: შეუწყობს სანქციები ხელს „ოცნებაში“ რყევებს?
2011-12 წლები: კოალიცია იკვრება
პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პოლიტიკურ ველზე 2011 წელს გაჩნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა.
2012 წლის საკვანძო საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც ქვეყნის მომდევნო წლების ბედი გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ კოალიციურ ფორმატში მიიღო მონაწილეობა, - ეს მისი საარჩევნო და პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო, მოეცვა ყველანაირი გემოვნების ამომრჩეველი.
ჭრელ კოალიციაში, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართული ოცნების“ გარდა, ერთიანდებოდნენ როგორც შედარებით ლიბერალური, ისე კონვერვატიული ღირებულებების პარტიები, - პროდასავლურიც, ნაკლებად პროდასავლურებიც და ანტიდასავლურებიც.
- ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“;
- „რესპუბლიკელები“ - ლევან და დავით ბერძენიშვილები, თინა ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი და სხვები;
- კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“;
- ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტია;
- გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის „მრეწველები“.
მათ გარდა, კოალიციას აკომპლექტებდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებმაც 2012 წელს კენჭი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით იყარეს.
მაგალითად, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი.
2013: პირველი ნიშნები
სწორედ კობა დავითაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვა.
მან 2013 წლის აგვისტოში დატოვა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ საქმეში გამართლების შემდეგ (საბოლოოდ, ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2022 წელს დატოვა საპატიმრო).
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯერ დავითაშვილის მიერ „ოცნების“ კრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობაში „ელიტის“ მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე, - და განცხადება, რომ „ქართული ოცნება გუნდი არ არის“, რასაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მოჰყვა.
2014: პირველი კრიზისი
„ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლა 2014 წელს „თავისუფალ დემოკრატებთან“ დაპირისპირებით დაიწყო ე.წ. კაბელების საქმეზე.
2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა ბიუჯეტის კუთვნილი 4 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით.
მინისტრი ამ დროს ირაკლი ალასანია იყო.
გასაიდუმლოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ოპტიკურბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას უკავშირდებოდა, მედიამ „კაბელების საქმე“ დაარქვა.
ბრალდების წარდგენიდან რამდენიმე დღეში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები არის „შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“, რის შემდეგაც იგი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან გაათავისუფლა.
ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა მისი თანაგუნდელების ნაწილის გადადგომა. პოსტები დატოვეს:
- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა;
- საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ;
- საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მალევე საპარლამენტო ფრაქციამ კოალიციური უმრავლესობა დატოვა.
მას შემდეგ, რაც პარტიამ 2016 წლის საპრალამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ლიდერები, მათ შორის თავად ირაკლი ალასანია, პარტიიდან და პოლიტიკიდან წავიდნენ.
მოგვიანებით „თავისუფალი დემოკრატების“ არაერთი წევრი „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, მათ შორის დავით ზალკალიანი, რომელიც 2018-22 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრია, და ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2016: კოალიცია იშლება
2016 წელს კოალიცია დატოვეს „რესპუბლიკელებმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი, 2012-16 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
იმ დროისთვის „რესპუბლიკელებს“ მთავრობის კაბინეტში სამი პოზიცია ეკავათ:
- თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იყო
- გარემოს დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი
- სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილი
2016 წლის მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს არჩევნებში. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ორი პარტია მანამდე მუშაობდა „პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“.
2016 წელსვე დატოვეს კოალიცია „მრეწველებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“.
პრეზიდენტი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილს, რომელიც პრეზიდენტად 2013 წლის არჩევნებში აირჩიეს, მომდევნო წლებში განხეთქილება მოუვიდა „ქართულ ოცნებასთან“.
მან პარლამენტის კანონებს პირველი ვეტო 2014 წელს დაადო - ცვლილებებს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უხანგრძლივებდა პირდაპირ წვდომას მოსმენების მოწყობილობებზე.
სააკაშვილის დროინდელი პრეზიდენტის სასახლე გახდა ის საკითხი, რამაც გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის განხეთქილება გამოაჩინა 2015 წელს.
მოგვიანებით, 2018 წელს, მარგველაშვილი იტყვის, რომ სასახლის გამოყენებას პოლიტიკური სიმბოლიკა ჰქონდა: „აქ ყველა ერთი ადამიანის ჭკუაზე არ დადის“.
2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეკვეცა. და საკონსტიტუციო რეფორმაც მხარეებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
პრემიერი კვირიკაშვილი და 2018 წლის კრიზისი
ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, 2015 წელს კი იგი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.
კვირიკაშვილი, რომელიც ანაკლიის პორტის ამერიკული ინვესტიციებით განვითარების მომხრე იყო, 2018 წლის ივნისში გადადგა თანამდებობიდან, რის მიზეზადაც პოლიტიკაში ახლად შემობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა „UNICEF-ის კვლევა“ დაასახელა.
კვლევა საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას აჩვენებდა, თუმცა ამას კვირიკაშვილმა „არასერიოზული“ უწოდა და რეალურ მიზეზად რიგ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
ამ პერიოდიდან მალევე დაიწყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რაც საბოლოოდ ანაკლიის პროექტისგან ჯგუფის ჩამოშორებით დასრულდა. ანაკლიის პორტის 49%-იან წილს 2024 წელს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია მიიღებს.
ასევე ნახეთ ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვაკვირიკაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე ჩაანაცვლა ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომლის შესახებაც, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა.
ამავე პერიოდში დღის შუქზე გამოვიდა მმართველი გუნდის შიდა დაპირისპირება, რომლის ერთ მხარეს ახალი სახეების ჯგუფი იდგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მეთაურობით, - მეორე მხარეს კი „ძველების“ ჯგუფი - პარლამენტარები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.
წლის ბოლოს ჯგუფებს შორის ვითარება შეუქცევადად დაძაბა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მოსამართლეების უვადოდ განწესებამ, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვეს. ისინი დამფუძნებელი წევრები იყვნენ.
2019 წლის იანვარში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა, - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაგროვებით პენსიაზე მისი კანონპროექტი ჩააგდო; მალე იგივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა.
2019: „გავრილოვის ღამე“ და კრიზისი
ჯგუფში მორიგი რყევები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს მოჰყვა - იმას, რაც ისტორიას „გავრილოვის ღამის“ სახელით შემორჩა.
„გავრილოვის ღამეს“ დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის შემდეგ მმართველმა გუნდმა პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა.
მაგრამ 2019 წლის ნოემბერში „მაჟორიტარების აჯანყების“ საბაბით, საკანონმდებლო ცვლილებები ჩავარდა.
ასევე ნახეთ ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვიასწორედ ამის შემდეგ დატოვა უმრავლესობა არაერთმა წევრმა.
ჯერ შვიდმა პარლამენტარმა. ესენი იყვნენ: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი.
შემდეგ კი მათ შეუერთდნენ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები: ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.
2021: გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც „გავრილოვის ღამეს“ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და რომლის ლიდერობითაც მართავდა მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღებს, პრემიერის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.
მან განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება, რადგან, მისი თქმით, „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.
„ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო“, - აცხადებდა 2020 წელს კობახიძე. გახარიას წასვლის შემდეგ მან „მოღალატე“ და „კოკაინშიკი“ უწოდა.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია - „ოცნების“ გმირი და მოღალატეგიორგი გახარიას რამდენიმე პარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი გაჰყვა. მათთან ერთად დააფუძნა გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“.
2022: პრეზიდენტი ზურაბიშვილი
მართალია, ოფიციალურად პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 2018 წლის საარჩევნო კამპანიისა და მათი მხარდაჭერის დახმარებით აირჩიეს პრეზიდენტად.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დასავლეთისა და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია დაიწყეს - „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ. სწორედ ამ მიზნით გამოეყო ფორმალურად მმართველ გუნდს ფრაქცია „ხალხის ძალა“.
დროთა განმავლობაში ეს კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და მისი იმპიჩმენტი სცადა.
ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ქართული ქარტიის“ იდეით ცდილობს პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებას.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" ძლიერი და სუსტი მხარეები2023: „აგენტების კანონი“
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღება პირველად 2023 წელს სცადა.
და პირველი მოსმენით მიიღო კიდეც 2023 წლის მარტში, რასაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ მმართველმა გუნდმა უკან დაიხია.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ასევე, გიორგი ხელაშვილმა და ნინო იობაშვილმა.
რამდენიმე კვირაში ჩაჩიბაია პრემიერის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვის საკითხებში, იობაშვილი კი - საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით, გიორგი ხელაშვილმა კი პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მრჩევლად გადაინაცვლა.
უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა - დავით სერგეენკომ (ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა) 2023 წლის 7 მარტს, დარბაზში ყოფნის მიუხედავად, არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში „აგენტების შესახებ“ კანონზე. მოგვიანებით ის პოლიტიკას ჩამოშორდა.
2024: „აგენტების კანონი“ - მეორე სერია
2023 წელს ბიძინა ივანიშვილი უკვე მესამედ დაბრუნდა პოლიტიკაში - ამჯერად პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე.
2024 წლის დასაწყისში მეორედ დატოვა პრემიერის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის შემდეგ კი მმართველმა გუნდმა უკვე მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, - და სამი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც.
ერთი შეხედვით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი მყარად დგას. შეცვლის თუ არა ვითარებას სანქციები?
„სისტემა უკვე სტერილურია“
შეერთებულმა შტატებმა, დაანონსების შემდეგ, 2024 წლის 6 ივნისს ინდივიდუალური სანქციები - სავიზო აკრძალვები - დაუწესა საქართველოს რამდენიმე ათეულ მოქალაქეს: „ქართული ოცნების“ წევრებს, სამართალდამცავებსა და „სხვა კერძო პირებს“.
მათ, ვინც პასუხისმგებელია „დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე“.
ასევე, მათი ოჯახის წევრებს.
ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?ვინაობები არ დაუზუსტებიათ.
ბინები დუბაიში, პარიზსა და მოსკოვში. მიწები საქართველოში, საბანკო ანგარიშები ევროპაში, დანაზოგები დოლარში, ევროსა და რუბლში - ეს მოკლე ჩამონათვალია კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონებისა.
მათ ნაწილს ოჯახის წევრები ჰყავთ შეერთებულ შტატებში.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი მილიონერი პარლამენტარები - ვინ არიან და რას ფლობენშესაძლებელია თუ არა, რომ სანქციების მოლოდინმა, „ოცნების“ წევრებს უბიძგოს პარტიის დატოვებისაკენ?
„სისტემა უკვე სტერილურია. ვისაც ჰქონდა ფასეულობითი არჩევანი, ყველამ უკვე დატოვა პარტია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი კონსულტანტი.
„ახლა იქ ძირითადად თავი მოიყარეს მედროვეებმა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულები და ამ კეთილდღეობის დევნაში, ვვარაუდობ, რომ ბევრი დანაშაულია ჩადენილი. ადამიანებს კი საერთო დანაშაული უფრო მეტად ადუღაბებს, ვიდრე მეგობრობა და სიყვარული. ერთგვარი მაფიის პრინციპით ვითარდება პროცესები, მაფიიდან გასვლა კი მტკივნეულია. ასე რომ, ასეთი მანევრის საშუალება არ არის“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
მაგრამ „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი კონსულტანტი ამბობს იმასაც, რომ პოლიტიკური კლასი ერთია, და მეორეა „სისტემა, ადმინისტრაციული რესურსი - და აქ სერიოზული პროცესებია მოსალოდნელი“.
„ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ ადამიანებს რაიმე რეალური ძალა აქვთ, თუ სისტემის მორჩილება და სტაბილურობა არ იქნა უზრუნველყოფილი. გუნდი არაფერს წარმოადგენს სისტემის, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გარეშე. აქ კი მე უკვე ველოდები სერიოზულ რყევებს“, - ამბობს იგი.
შეიძლება ეს არ იყოს ხმამაღალი რყევები და ჩუმი საბოტაჟის რეჟიმში გადავიდეს ყველაფერიო, ეუბნება ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.
ასეთ მაგალითად იგი ასახელებს 6 ივნისს გორში ბიზნესმენისა და სამოქალაქო აქტივისტის, სოსო ბაბაევის ფაქტობრივ გამართლებას მოსამართლის მიერ.
ბაბაევი გორში 4 ივნისის საღამოს დააკავეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადვოკატი და ახლობლები ფიქრობდნენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებოდა.
ბაბაევმა გორის დროებითი დაკავების იზოლატორი 6 ივნისს დატოვა - მას შემდეგ, რაც გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ადრე ასეთი რამ შეუძლებელი იყო. ასეთი პრეცედენტები კი უკვე თავისთავად ჩუმი საბოტაჟის კარგი ინდიკატორია. ეს პროცესი, ჩემი აზრით, გაგრძელდება და გაღრმავდება“, - ამბობს გია ხუხაშვილი.