პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, სანქციების არავის ეშინია, არ ნერვიულობს ამ საკითხზე და ეს არ ცვლის მათ დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. მედიასაშუალებებთან კომენტარში ასე გამოეხმაურა კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვების საკითხს.
მან ისაუბრა ოთხი დღის წინ გაკეთებულ თავისსავე განცხადებაზეც - მაშინ კალაძე დარწმუნებული იყო და არ მოელოდა, რომ „ვინმე იქნება დასანქცირებული“.
"ჩემი განცხადება იყო, დარწმუნებული ვარ არ იქნება სანქციები, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს. ვერავინ ვერ მოიყვანს არგუმენტს, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. უფლებამოსილება, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, რომ მიიღონ კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება ვინმემ ერთი არგუმენტი მოიყვანოს, რატომ არის კანონი ცუდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი. მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია".
კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის ვიზა არ აქვს, ბოლოს კი ამერიკაში იყო, როდესაც საფეხბურთო კლუბ „მილანში“ თამაშობდა.
„მას შემდეგ აშშ-ში არ ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი წასვლის. მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთს ვთხოვ, რომ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს ცხოვრებაში და ნურც თქვენ ინერვიულებთ“.
ამასთან, კალაძემ სანქციებს უწოდა „გარდაცვლილი ოპოზიციის ერთგვარი წახალისება“, რომელიც არის „ზერო, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა? ასეა დღევანდელი ოპოზიცია“, - თქვა მან.
თბილისის მერის თანახმად, 2012 წლამდე გატარებულ რეფორმებს "დემოკრატიის შუქურად" ასაღებდნენ. აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას კი თქვა, რომ დაფინანსების 80% "აგენტურის დაფინანსებაზე მიდის". დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისი აგენტურის, კალაძემ უპასუხა: „ამერიკის აგენტურის დაფინანსებაზე“.
32 წლის განმავლობაში აშშ-ს საქართველოსთვის გაწეული აქვს 6 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც საგანმანათლებლო, სამხედრო და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ხმარდება.
ასევე ნახეთ "მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს" - მდინარაძე სანქციებს ეხმაურებააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებსსახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
სანქციების ფონია 28 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონი", მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ანტიდასავლური განცხადებები და რიტორიკა. "ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხი სურვილს", - განაცხადა მილერმა.
ამ პოლიტიკის ფარგლებში, სავიზო აკრძალვა გავრცელდება ათეულობით პირზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე. სავიზო აკრძალვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც.