საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
პარლამენტარმა სანქციების დაწესება „დემოკრატიის უკუსვლად“ შეაფასა.
„მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. [არის] დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე.
როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა. როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებსაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.