სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
"აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხი სურვილს.
სახელმწიფო მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] გამოაცხადა უკვე ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო აკრძალვის პოლიტიკა...
დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის - მათ ოჯახის წევრებზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე...
სანქციების ამ პირველ ნაკადში მოიაზრებიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები", - განაცხადა მეთიუ მილერმა. კითხვაზე, რამდენი ათეული ადამიანია სანქცირებულთა შორის, იგი ზუსტ რიცხვს არ ასახელებს და ამბობს: "ეს არის დაახლოებით 20-დან 30-მდე პირი და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პირველი ნაკადია".
მილერმა ასევე განაცხადა, რომ სანქცირებული ადამიანებისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ: "ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუკი ეცდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას". დამაზუსტებელ კითხვაზე, უკვე გააფრთხილეს თუ არა ვინმე, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? - პრესსპიკერი ამბობს: "ვეჭვობ, რომ ეს მოხდა, რადგან ჩვენ ეს [აკრძალვა] დღეს ავამოქმედეთ".
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ კანონი უკრძალავს დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.
"არ შემიძლია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი".
ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.
ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?