ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 35 წლის მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი.
35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ.
ონლაინგამოცემა „საპა“ წერს, რომ ჯავის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დე ფაქტო გარემოს დაცვის კომიტეტის სარჩელი მეთევზის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობით, მას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დაევალა.
მოსიაშვილის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ითხოვს.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს შვიდი მოქალაქეა მოთავსებული.