წილოსანის მოთხოვნით, "მთავარი არხის" ჟურნალისტს პარლამენტში ერთი თვით შესვლა აეკრძალა

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი "მთავარი არხის" ჟურნალისტს: "გავაკეთებ განაცხადს, რომ დაგასანქცირონ".

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს, ერთი თვით პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ტელეკომპანიამ შესაბამისი წერილი პარლამენტის აპარატიდან მიიღო.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჟურნალისტი "შაბათის მთავრისთვის" ამზადებდა სიუჟეტს, რისთვისაც პარლამენტში დეპუტატს "აგენტების კანონის" მხარდაჭერის შემდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ჰკითხა. წილოსანმა მას კითხვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ პარლამენტში მოქმედი წესების მიხედვით, იგი ტელეკომპანია "მთავარ არხს" არ ეწერება. კითხვის დასმის კიდევ ერთი მცდელობის დროს, დეპუტატმა ჟურნალისტს უთხრა: "მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ".

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების ქცევის წესებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანება 2023 წლის 1 მარტს გამოსცა.

ახალი წესებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინმედიისთვის ეს არის არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტი.

პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებულია:

  1. ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
  2. წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
  3. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
  4. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  5. არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
  6. დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
  7. სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტებზე სანქციებია გათვალისწინებული. თუ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.