პარლამენტში უარყოფენ, რომ რომელიმე დეპუტატმა აშშ-დან სავიზო შეზღუდვაზე შეტყობინება მიიღო

საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირეს, აშშ-დან სავიზო შეზღუდვაზე შეტყობინება მიიღეს. ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზე სოციალურ ქსელში დაახლოებით 16:00 საათისთვის გაავრცელა რამდენიმე მოქალაქემ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც იმის გასარკვევად, ფლობენ თუ არა მსგავს ინფორმაციას. უწყების პრესსამსახურმა ჯერჯერობით უპასუხოდ დატოვა ამ საკითხზე დასმული კითხვა.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი მილიონერი პარლამენტარები - ვინ არიან და რას ფლობენ

„აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა სანქცირებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია აშშ-საც.

„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, 24 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოაცხადა შეზღუდვები მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.

ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ასევე ნახეთ NGO-ები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!“

ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.