კალაძე „აგენტების კანონზე“: თუ არ დაემორჩილებიან, არსებობს ჯარიმა და შემდეგ ყადაღა

თბილისის მერი კახა კალაძე

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, შემდეგ კი დაედებათ ყადაღა. მან ჟურნალისტებთან კომენტარში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გაცემული გრანტები „კეთილ საქმეს“ ხმარდება.

„თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას. თუ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება? თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება - ყველაფერი - ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს, 3 ივნისს, გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მოდის.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა

იმის მიუხედავად, რომ "აგენტების კანონის" მიღებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები კი ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ მას „ყველაზე ქართული კანონი“ უწოდა.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონს“ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა
ასევე ნახეთ კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ „აგენტების კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო „პოლიტიკური გავლენების ქვეშ არ მოექცევა“

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ასევე ნახეთ NGO-ები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!“

ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, როცა „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.