თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, დაიწყო „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია თანხის შეგროვება საპროტესტო აქციების დაკავებული მონაწილეებისთვის. ამ თანხით დაკისრებული ჯარიმების გადახდა იქნება შესაძლებელი.
22:00 საათისთვის კონცერტი გიორგი უშიკიშვილმა და ბექა გოჩიაშვილმა გახსნეს. აქცია-კონცერტში ასევე მონაწილეობენ შოთა საგანელიძე, Moku Moku, წერილი, Kordz-ი, Mechanical Rainbow, ლექს სენი & თიკო, ნატალია ნაყოფია, Bedford Falls-ი, Circus Mircus-ი, The Window, Quemmekh-ი, არა, ყველა, Creams-ი, ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე, ფანიკო, ავარა, თამადა, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, რობი კუხიანიძე, დაგდაგანი, Loudspeakers-ი, გამოუვალი მდგომარეობა, Process-ი.
„საერთო მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს... ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილებს, შევაგროვოთ ჯარიმების თანხა“, - ნათქვამია საქველმოქმედო კონცერტისთვის შექმნილ ვიდეორგოლში.
აქცია-კონცერტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, სხვადასხვა დროს, პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. ნაწილს სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ და მათ წლობით პატიმრობა ემუქრებათ. გამოკითხვაზე იბარებენ აქციის მონაწილეებს. მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მათგან დასჯილი არავინ არის.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.