თბილისში "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქცია და კონცერტი იმართება

აქციაზე "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 1 მაისი, 2024 წელი

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები 2 ივნისს, 20:00 საათისთვის თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, იკრიბებიან, სადაც ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი - „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“.

საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია თანხის შეგროვება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთათვის.

„საერთო მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს. 2 ივნისს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მედანზე ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილებს, შევაგროვოთ ჯარიმების თანხა“, - ნათქვამია საქველმოქმედო კონცერტისთვის შექმნილ ვიდეორგოლში.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, სხვადასხვა დროს, პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. ნაწილს სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ და წლობით პატიმრობა ემუქრება. გამოკითხვაზე მასობრივად იბარებენ აქციის მონაწილეებს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მათგან დასჯილი არავინ არის.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

"არა რუსულ კანონს!" - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.