POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

ინციდენტი მოხდა სამეგრელოში, ვიტალი გეგუჩიას სახლთან, რომლის მაღაზიიდანაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 28 მაისს მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა.

31 მაისს, სამეგრელოში მომხდარი ფაქტის ვიდეოს მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი, მირანდა ჯობავა ფეისბუკზე ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ მათ სახლთან მისული ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუტიას ეუბნება: "[...] ხელის ბიჭი ხარ", - რაზეც გუგუტია პასუხობს: "რუსების პრობლემა იცი რა არის? საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ" , - შემდეგ კი ბერიძეს აგინებს, ასევე მას და ოპერატორს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

სიტყვიერი დაპირისპირების დროს, POSTV-ის ოპერატორი ვიტალი გეგუჩიას მიმართავს: "მოდი აქ", რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს - იგი ჰაერში ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.

მომხდარს ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვები შეესწრნენ.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში გეგუჩია ჰყვება, რომ ნათია ბერიძეს მასთან კითხები არ ჰქონდა, არამედ მისული იყო ბრალდებებით და პროვოკაციებით.

"მოსვლისთანავე არანაირი კითხვები ჩემთვის არ დაუსვამთ, მითხრეს, რომ მე ვიყავი მეგის ქარდავას ხელის ბიჭი, მე ვიყავი მათი მწამებელი, ის ვინც საქმეებს კერავდა... საკმაოდ უწმაწურად ვპასუხობდი მსგავს სიბინძურეზე... მას შემდეგ, რაც ისინი დედაჩემსაც დაუპირისპირდნენ, უთხრეს, ასეთი უზრდელი შვილი გაზარდეო, ეს ბავშვების თვალწინ ხდებოდა, უხეშად ვუთხარი ნათია ბერიძეს, წადით-მეთქი, ხელით ვანიშნე ოპერატორსაც, რომელიც ადგა და ძველბიჭურად წამოვიდა, ჩემს საკუთრებაში, ჩემკენ გამოიწია", - ამბობს გეგუჩია.

მისივე თქმით, გაშველების და შეხლა-შემოხლის დროს, მის ერთ-ერთ მცირეწლოვან შვილს მუხლი დაუზიანდა.

28 მაისს დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთი მაღაზიის დახლიდან აღებული ფორთოხალი ესროლა მოქალაქეს, რომელიც მას ქუჩაში უცენზურო შეძახილებით დახვდა "აგენტების კანონის" მიღების გამო.

მომდევნო დღეს უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: "ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით".