უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით.
ამ ვითარებაში გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დაიცვას თავი მსგავსი თავდასხმებისგან.
"ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგით, მუდმივად შეგვაქვს კორექტივები დახმარებაში საომარ მოქმედებებთან შესაბამისობაში", - განაცხადა მან.
გერმანია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით, მათ შორის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით. თუმცა დღემდე იგი უარს ამბობდა, კიევისთვის მიეცა ამ იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევის უფლება.
ასევე ნახეთ უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები
ბოლო დრომდე იგივე პოზიცია ჰქონდა აშშ-საც, თუმცა 30 მაისს გამოცემა Politicio-მ და ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, მისმა ადმინისტრაციამ უკრაინას არასაჯაროდ დართო იმის ნება, რომ ამერიკული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ხარკოვის ოლქის საზღვართან. ეს ინფორმაცია დღეს გამოცემა "გარდიანს" დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა.
ასევე ნახეთ უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე