შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან - ეუთო/ოდირი "აგენტების კანონზე"

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია. 28 მაისი, 2024 წელი

ეუთოს “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისი” (ODIHIR) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. აგენტების კანონის შესახებ იურიდიულ ანალიზს აქვეყნებს და წერს, რომ იგი შეუთავსებელია როგორც დემოკრატიულ სტანდარტებთან, ისე ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან. ეუთო/ოდირმა სამართლებრივი შეფასების დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, თეონა აქუბარდიასა და პაატა მანჯგალაძის მიმართვის წერილის საფუძველზე მოამზადა. 

ოდირის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში ახალდამტკიცებული კანონი "გამჭვირვალობის შესახებ" სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის მიერ ეუთოს წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან.

ოდირის დასკვნით, კანონი ხელისუფლებამ უკან უნდა გაიწვიოს.

დასკვნის თანახმად, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად" მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო განსაზღვრავს, ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონი არ ემსახურება არც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში ასახულ ლეგიტიმურ მიზანს და არც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს: "ძლიერ ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და პირადი ცხოვრების უფლებებზე. ამასთან, ჯარიმების დაკისრება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ უფლებათა შელახვას".

ODIHR-ი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან განსხვავებებს საქართველოში მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ იმ კანონებს შორის, რომლებიც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს კანონთან მსგავსების მაგალითებად მოჰქონდათ.

"მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავდება მკაფიო მიზანსა და მასშტაბში. ეს კანონები მიემართება იმ კერძო კომპანიების ან არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციის უზრუნველყოფას, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობისტურ ძალისხმევაში უცხო ქვეყნის მთავრობების სახელით, და [ეს კანონები] სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის ყველა ორგანიზაციას არ ანიჭებს უცხოეთის წარმომადგენელთა იარლიყს მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო", - ვკითხულობთ დასკვნაში.

ODIHR-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ნაკლებად აგრესიული ალტერნატივების მაგალითად დასკვნაში მოყვანილია ლობისტური ქმედებების რეგულირება, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული თუ ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონი - რაც ხელს უწყობს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს:

"არსებობს რამდენიმე ვალდებულება, რომელთა დაკისრება შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და რომლებიც გამართლებულია ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან - მაგრამ [ამ შეზღუდვათა] კონკრეტული სამიზნე არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორი და არ უნდა ჩაითვალოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, ატარებს უცხოეთის ძალების ინტერესებს".

ODIHR-ი კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების საპოვნელად, რომლებიც მიემართება რეალურ, კონკრეტულ შეშფოთებებს და შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონით განსაზღვრულ მიზნებთან.

ასევე ნახეთ NGO-ები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!“

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 55 დღის განმავლობაში აპროტესტებდა.

„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის - „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".