ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე"(აგენტების კანონი).
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, მაგრამ არ გაჰკვირვებია.
შაჰინის თანახმად, სენატისთვის წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილებს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ „რუსული სტილის” კანონის მიღებას საქართველოსთვის სამწუხარო დღე უწოდა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა.
დემოკრატი სენატორის განცხადებით, საქართველოში ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს არ მისცემს დემოკრატიის განადგურების და ევროპული მომავლის წართმევის საშუალებას.
28 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, განცხადება გამოაქვეყნეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა და მაღალი რანგის წევრმა, დემოკრატმა სტივ კოენმა.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
28 მაისს კონგრესმენებმა ვილსონმა და კოენმა „ჰელსინკის კომისიის“ სახელით განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის მკაფიო ნების მიუხედავად „რუსული სტილის” კანონის მიღება, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და ევროატლანტიკური მომავლისთვის.
კონგრესმენების შეფასებით, ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი. ჯო ვილსონის და სტივ კოენის განცხადებით, რუსეთი დიდი ხანია თავისი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს მეზობლები, განსაკუთრებით კი მასზე ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში, რომლებსაც მოსკოვზე ძველი ისტორია და კულტურა აქვთ.
კონგრესმენები ვილსონი და კოენი რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებასთან ერთად მტკიცედ გმობენ რეპრესიების ფართო კამპანიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა. „ჰელსინკის კომისიის“ ხელმძღვანელები მოელიან კონგრესში „MEGOBARI აქტის” წინსვლას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობა საქართველოს ხალხზე შეტევისთვის.
ჯო ვილსონი და სტივ კოენი ადასტურებენ, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და დემოკრატიის მხარდაჭერას განაგრძობს.
ასევე ნახეთ თეთრ სახლში ანტიდემოკრატიული უწოდეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ „აგენტების კანონს”28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე"(აგენტების კანონი) მისი ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა მისცა 66-მა დეპუტატმა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. ამის შემდეგ კენჭი ეყარა ვეტომდე სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, რომელსაც ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა ოთხის წინააღმდეგ.
კანონის ძალაში შესასვლელად მას ხუთი დღის ვადაში ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ.
ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების პრეზიდენტი „აგენტების კანონის“ მიღებას ეხმაურებაე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.
„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".
ასევე ნახეთ ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია - კობახიძესაპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი" არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და მისი მიღება საქართველოს, როგორც წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აშორებს.
ასევე ნახეთ უკან გადადგმული ნაბიჯია და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას - მიშელი "აგენტების კანონის" მიღებაზე