„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა.
კერძოდ, მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 28 მაისს 500 ლარით დააჯარიმა მსახიობი ნატალია ყიფშიძე. მას სამართალდამცავები ედავებოდნენ გზის უკანონო გადაკეტვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 აპრილს.
Your browser doesn’t support HTML5
28 მაისს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი.
ბოლო დღეებია, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილეების სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. მათ შსს ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, მათ შორის გზის უკანონო გადაკეტვას, ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
სამივე მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.