საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად, მაგრამ 48,7 მლნ დოლარი გაყიდა.14:19 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2,7910 ლარი ღირს.
ეს ეროვნული ბანკის უკვე მეორე ინტერვენციაა ბოლო დღეებში - ცენტრალურმა ბანკმა 60 მლნ დოლარი 16 მაისს "აგენტების კანონის" მიღების მეორე დღეს გაყიდა. დღეს, 28 მაისს კი, პარლამენტი "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს, ამის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც.
გუშინ, 27 მაისს, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთად გაუფასურდა - დოლარის ოფიციალური კურსი 2,768 ლარი, ერთი ევროს ღირებულება კი 3,0058 ლარი გახდა.
ასევე ნახეთ ლარი დოლართან და კიდევ 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარის გაყიდვაზე თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეებში „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.
იმის მიუხედავად, რომ ლარის გაუფასურება "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ დაიწყო, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს.
„სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას - ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს“, - თქვა ნათია თურნავამ.