გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაგმეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე ისრაელის ავიადარტყმა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია ღაზის სხვა რაიონებიდან დევნილთა ბანაკში. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად დევნილთა ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი და ასეულობით დაშავდა.
ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ღაზაში ზიანი არ მიაყენონ მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ტრაგიკული შეცდომა“ მოხდა. ნეთანიაჰუს თქმით, ინციდენტს გამოიძიებენ და დასკვნებს გამოიტანენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაგმო ისრაელის მოქმედება, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო, თავშესაფრის მაძიებელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში არცერთი უსაფრთხო ადგილი აღარ არის და ეს საშინელება უნდა შეწყდეს. იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც საერთაშორისო სამართლის სრულად დაცვა და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ისრაელმა პატივი უნდა სცეს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას რაფაჰზე შეტევის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
Server error
შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით!
პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად.
Please use Search above to see if you can find it elsewhere
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს კვლავ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელისგან მიღებული ინფორმაციით, რაფაჰში სამიზნეების გასანადგურებლად მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალები გამოიყენეს, თუმცა,მათი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევები შესაძლოა, მოხვდა დევნილთა ბანაკის მახლობლად არსებულ საწვავის ავზს და ხანძარი გამოიწვია. წყაროს თანახმად, აშშ-ს ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ შეუძლია და გამოძიების დასრულებას ელოდება.
ისრაელის არმიამ რაფაჰზე იერიში მიიტანა კვირას, 26 მაისს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა ბოლო თვეებში პირველი სარაკეტო შეტევა განახორციელა თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ცენტრალურ რაიონებზე. ისრაელის არმიის თანახმად, „კანონიერ სამიზნეებზე“ საპასუხო დარტყმის შედეგად რაფაჰში ლიკვიდირებულია ჰამასის ორი მაღალჩინოსანი.
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ“ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმის სამიზნე იყო რაფაჰის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრში მდებარე დევნილთა ბანაკი.
Server error
შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით!
პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად.
Please use Search above to see if you can find it elsewhere
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-მდე პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, ეგვიპტესთან მოსაზღვრე ქალაქ რაფაჰს თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო ღაზის სექტორის სხვა რაიონებიდან გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. რაფაჰში კონცენტრირებული არიან ჰამასის ძალებიც.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომელიც ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მის სრულ განადგურებამდე ომს არ შეწყვეტს. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-სა და ევროკავშირშიც.