პარტიების ნაწილი მზადაა შეუერთდეს პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას"

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ გეგმას სახელწოდებით "ქართული ქარტია".

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოადგინა გეგმა, რომელიც საარჩევნოდ "არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს". ამ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პარტია "ახლის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ტექსტში მიუღებელი არაფერია და პარტია მას შეუერთდება. „'ახალი' ქარტიას ხელს მოაწერს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ძალიან დადებითად აფასებს ქარტიის სულისკვეთებას. "აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს."

"ლელოს" წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ეს არის სწორედ მკაფიო გეგმა", "ლელო" აუცილებლად შეუერთდება ქარტიას, ვინაიდან ის შეესაბამება მთავარ მიზანს, რომელიც ახლა საზოგადოებას და ყველა პროევროპულ პარტიას აქვს, რომ "ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან სწრაფად და ქარტია იძლევა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის გარანტიას მისი შესრულების შემთხვევაში".

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ქარტიის“ სახით კიდევ ერთხელ წარმოადგინა ძალიან სწორი, დროული და სასარგებლო ხედვა: „ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამიტომ მე დღესვე, ამ წამსვე ორივე ხელით ვაწერ ხელს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ქარტიას“.

ანალოგიური პოზიცია გამოხატა „დროასთან" ერთად გავრცელებულ განცხადებაში პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სააკაშვილი იყოს გარეთ. იმედია, პრეზიდენტი აცნობიერებს ამას“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიაში პოზიციების შეჯერებისა და მოლაპარაკებების შემდეგ.

მოგვიანებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტია მიესალმება „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას”.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება ასევე „რესპუბლიკური პარტია“.

„ქართული ქარტიის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“

ზურაბიშვილის განცხადებით, „ქარტიის“ შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომელთა შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის ცხრა პუნქტს.

ასევე ნახეთ რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, ითვალისწინებს