ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შემდეგ რუსეთი ირწმუნება, რომ სამი ამერიკული რაკეტა ჩამოაგდო

საილუსტრაციო ფოტო. ალუშტის სანაპირო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ყირიმზე სარაკეტო შეტევა, თუმცა სამიზნეების და შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსული და უკრაინული მედიასაშუალებების და ტელეგრამ-არხების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის და ალუშტის რაიონებში გასულ ღამით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ალუშტაში სამიზნე იყო რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა შუაღამის შემდეგ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოწინააღმდეგის“ სარაკეტო შეტევის შედეგად სიმფეროპოლის რაიონში დაიღუპა ორი „შემთხვევით გამვლელი“, ხოლო ალუშტის რაიონში დარტყმა იყო „სამეურნეო დანიშნულების ცარიელ ობიექტზე“.

დღეს, 24 მაისს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, „კიევის რეჟიმს“ ყირიმის თავზე გაუნადგურეს სამი ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინას ყირიმზე სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.