ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის საიტზე დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 29 მაისიდან.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.
29 მაისიდან ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.
ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება: ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება