რუსეთის ჯარმა კიდევ უფრო წაიწია ქალაქ ჩასივ იარისკენ და სოფელ კლეშჩიევკის ცენტრსაც მიუახლოვდა - ISW

უკრაინის სარდლობის ცნობით, პუტინის დავალებით, არმიას 9 მაისამდე უნდა აეღო ქალაქი ჩასივ-იარი.

რუსეთის ჯარებმა მოახერხეს წინ წაწევა ქალაქ ჩასივ იარის მიმართულებით, ამის შესახებ 22 მაისის საღამოს ცნობა პროექტმა Deep State-მა გაავრცელა. ცნობაზე თანდართული რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრესორმა დაიკავა მიკრორაიონ კანალის აღმოსავლეთი გარეუბანი და წინ წაიწია ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ზელენაიას ქუჩის გასწვრივ.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთმა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაცია ქალაქ ჩასივ იარზე შეტევის გასაძლიერებლად გამოიყენა. 21 მაისის ანგარიშში ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ პირველი დღეების სწრაფი ტაქტიკური წინსვლის შემდეგ, რუსული არმიის წინსვლის ტემპი შენელდა ვოლჩანსკისა და ლიპცის მიმართულებით მაშინ, როცა აგრესორის აქტიურობა კიდევ უფრო გააქტიურდა ჩასივ-იარის მიმართულებაზე.

უკრაინის სარდლობის ცნობით, პუტინის დავალებით, არმიას 9 მაისამდე უნდა აეღო ქალაქი ჩასივ-იარი.

ასევე ნახეთ

რუსეთის ჯარმა მიიღო ბრძანება 9 მაისამდე აიღოს ჩასივ იარი - გენერალი სირსკი

გარდა ამისა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა დაადასტურა რუსეთის არმიის წინსვლა ქალაქ ჩასივ იარის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კლეშჩიევკის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. 22 მაისის შუადღეზე რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაიკავა რუსეთის ჯარმა. მაგრამ ISW-ის ანალიტიკოსები ამ ცნობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოფლის მახლობლად სიმაღლეებს კვლავ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

რუსეთის ჯარები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ახალი დასახლებული პუნქტების დასაკავებლად გასული წლის ბოლოდან უტევენ კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით.

ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო უბანია სოფელ პოკროვსკე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში აგრესორმა 37-ჯერ სცადა ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა.