ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა ავტორიტეტული სამართლებრივი არგუმენტები გვთხოვეს 'უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ' კანონთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ცალსახა დასკვნაშია ასახული, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონი, როგორც ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით არის გათვალისწინებული", - აცხადებენ თანამომხსენებლები.
ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ასახული, საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას არეგულირებს.
თანამომხსენებლების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გააძლიეროს არსებული საკანონმდებლო ბაზა, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს.
"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან, ამ თემაზე საქართველოსთვის მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში", - დაასკვნეს თანამომხსენებლებმა.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით21 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით."
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.
სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.