რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნები

საილუსტრაციო ფოტო. ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალ ასტრახანის ოლქის პოლიგონზე

რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას“.

თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით დაიწყო სწავლების პირველი ეტაპი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის გამოიყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, „ისკანდერს“ და აერობალისტიკურ რაკეტებს, „კინჟალს“. რამდენ ხანს გასტანს სწავლება, დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად 6 მაისს განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა პუტინმა გენერალურ შტაბს დაავალა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად ჩაატაროს სარაკეტო შენაერთების სწავლება, რომელშიც ჩაერთვებიან ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები. წვრთნების დაწყების დრო დასახელებული არ ყოფილა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“.

ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა. მანამდე რუსეთის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ შესაძლებელია უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებას, რომ უკრაინის უფლებაა, ბრიტანეთისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

ასევე ნახეთ რუსული ბირთვული სწავლება საქართველოს მოსაზღვრე სამხედრო ოლქში - რამდენად სახიფათოა?

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ამოცანად განსაზღვრულია რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთის დაცვა. ამ ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში.