სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„შენ ფუტურო იქნები. ჩვენ შენ გამოგწურავთ და გამოგაცარიელებთ - და მერე შიგნით ჩაგისახლდებით, ჩვენი თავით ამოგავსებთ“ – ამ სიტყვებს პერსონაჟს ტოტალიტარული სისტემა ეუბნება, ჯორჯ ორუელის რომანში „1984“.
უთხარი მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ მათი იდენტობა საფრთხეშია, შექმენი მტრის ხატები, შეეცადე პოლიტიკური ცხოვრება ავისმომასწავებელი ფანტომების თეატრად გადააქციო და შენ აღარ მოგიწევს ილაპარაკო უთანასწორობაზე, უკანონობაზე, სიღარიბეზე, უპერსპექტივობაზე, სასოწარკვეთაზე - ასე ხსნის თანამედროვე ავტორიტარიზმის არსს დღევანდელობის ალბათ ყველაზე გავლენიანი ისტორიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ტიმოთი სნაიდერი.
ფორმულა ძველია და მარტივი - ოლიგარქიული მმართველობა იგონებს შინ და გარეთ მომძლავრებულ „მტრებს“ - აგენტებს, უცხო ძალების მსახურებს, ტრადიციებთან, მორალთან, ეკლესიასთან მებრძოლებს, ომის პარტიებს, მასონებს, ლგბტ შეთქმულებებს; და ნამდვილი, მწვავე ტკივილით, უპერსპექტივობით და სიღარიბით გატანჯულ ხალხს ამ ფანტომური მტრებისგან ყალბ დაცვას პირდება. საიმისოდ, რომ ხალხი დააჯერონ - სახელმწიფოს ძირს უთხრის არა ოლიგარქიული, გაუმჭვირვალე, მტაცებლური მმართველობა, დემოკრატიის დასამარება და მძვინვარე სოციალური უსამართლობა, არამედ მითიური მტრები და მათი აგენტურები - შინაც და გარეთაც.
ესაა ფორმულა, რომლითაც დღევანდელი რუსეთი იმართება - ვერაგულად, ოსტატურად, დაგეგმილად და - სამწუხაროდ - წარმატებით. და ამავე ფორმულას გვიფუძნებენ საქართველოშიც - ღიად და გაცხადებულად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წოდებული კანონით.
არგუმენტები არაფერს ცვლის - მათ მიერ მანტრასავით გამეორებული კითხვები, „კანონპროექტი წაიკითხეთ“? „რატოა რუსული? - რეალურად ცარიელი სიტყვებია, რადგან მათ ყველაფერი უკვე იციან. სიმართლე იციან - რომ ეს კანონი არის საძირკველი, რომელსაც შეუქცევადი რეპრესიები უნდა დაეფუძნოს. მერე შეხედავენ, რა და როგორ იქნება საჭირო, ვისი დადუმება, დასჯა, ან ქვეყნიდან გაძევება მოესურვებათ - საქართველოს ოფშორების ოფშორად, გაუმჭვირვალე და დიდი ალბათობით სანქციების ქვეშ მყოფი, რუსეთთან დაკავშირებული კაპიტალის შავ ყულაბად გადაქცევის პროცესში. შეხედავენ და იმოქმედებენ - მიზანმიმართულად და სიტუაციურად. ზუსტად ისე, როგორც იმოქმედეს რუსეთში.
„ამ კანონის მთავარი პრობლემა მისი არსებობაც არაა - საფრთხეა ის უზარმაზარი სივრცე, რომელსაც ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის ქმნის. ის ყველანაირი პოლიტიკური თვითნებობის საშუალებას იძლევა და ამით დიქტატორული ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობას უხსნის გზას“ – გვაფრთხილებს „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარი, ჩემი კოლეგა, ანდრეი შარი - ვეტერანი რუსი ჟურნალისტი, რომელიც წლებია ხელმძღვანელობს რადიო თავისუფლების რუსულენოვან მაუწყებლობას.
რა და როგორ მოხდა რუსეთში - ამას ჩვენი სტუმარი დეტალურად გვეტყვის. ანდრეი შარი მოგვიყვება მზარდად რეპრესიულ ცვლილებებზე, რომლებიც „აგენტების კანონში“ შეჰქონდათ და სიძულვილის ტრიუმფზე, რომელიც ამ კანონის თორმეტწლიან მოქმედებას მოჰყვა. ანდრეი გვეტყვის დადუმებულ, გაძევებულ, დაპატიმრებულ ადამიანებზე, რომლებიც - ფაშისტური ლოგიკით - თავიანთ ქვეყანაში „უცხო სხეულებად“ შერაცხეს, და მოგვიყვება რა ბედი ეწია მოსკოვში „რადიო სვაბოდას“ - რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, პირველ მედიაორგანიზაციას, რომელიც რუსეთში „ინოაგენტი“ გახდა.
და - რაც ალბათ მთავარია - ჩვენი სტუმარი ამ კანონის წარმატების მიზეზებსაც აგვიხსნის. იმ ისტორიულ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ფაქტორებს, რომლებიც რუსეთის კონტექსტში ავტორიტარული წესრიგის ურყეობას და „მტრის ფანტომების“ მარადიულობას უწყობს ხელს; „რუსკი მირის“ მესიანურ და იმპერიალისტურ კონცეფციას, რომელიც, მათ შორის, რელიგიური ფაშიზმის ფილოსოფოსის, ივან ილინის თუ „ევრაზიონიზმის“ ანტიდასავლური ტრადიციებითაა ნასაზრდოები. ანდრეი შარი მოგვიყვება სიღარიბეზე და უპერსპექტივობაზე, რაც რუსეთის მოქალაქეთა დიდ ნაწილს რეჟიმისათვის „ომის რესურსად“ აქცევს. ანდრეი აღგვიწერს იმ მყარ რეალობას, რომელშიც დემოკრატია, მოქალაქეთა ნება, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მართლაც „უცხო“ ცნებები ხდება.
კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, ამ რუსულ სამყაროს უწინარესად მსოფლმხედველობით ირეკლავს - მაგრამ საქართველოში, ჯერჯერობით, კონტექსტიც სხვაა და რეალობაც. იმედია ფანტომებს მოქალაქეების სიფხიზლე განდევნის; და სიძულვილს არ მიეცემა ტრიუმფის შესაძლებლობა, "უცხო გავლენების" დევნის სახელით.