დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ სანქციებზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, მათ შორის დაფინანსების წყაროების რეგისტრაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა რაიმე დამაჯერებელი განმარტება იმაზე, თუ რატომ იქნებოდა არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად: "იმ შემთხვევაში, თუკი არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მათი ცვლილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით".
კომისია აღნიშნავს, რომ "აგენტების კანონის" მიხედვით, სუბიექტის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარ" ორგანიზაციად განსაზღვრას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება, მათ შორის, ეს "ძირს გამოუთხრის" როგორც ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, ისე მის სანდოობას.
"რთული რეგისტრაციისა და ანგარიშგების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების) მოთხოვნა, რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას, ამასთან ამას შეიძლება მოჰყვეს მძიმე ადმინისტრაციული ჯარიმები, მუდმივი თვალთვალი - ერთობლიობაში, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებული დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის", - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის ტექსტში.
დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რომ შეზღუდვები, რომლებსაც კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პერსონალურ ინფორმაციაზე, არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
"ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ მოსაზრებას ე.წ. აგენტების კანონის მიღებამდე. კომისია წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ ეს კანონი, რომელიც მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების მიმართ, ამასთან ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში და ამას მოწმობს მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში, მიიღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის ღიად უგულებელყოფით და ისეთი პროცედურით, რომელმაც სივრცე არ დატოვა რეალური დისკუსიისთვის და კონსულტაციებისთვის", - ვკითხულობთ დასკვნაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი მოქმედებები დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის - დასკვნები სარეკომენდაციო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის დემოკრატიულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას ისახავენ მიზნად.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.
კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.
ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ