გურამ ადამია, IT სპეციალისტი, რომელიც 13 მაისის დილას პოლიციამ თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაკავებისას სასტიკად სცემა, ამბობს, რომ როგორც სპეცრაზმის წევრები მოქალაქეებს ექცევა, ეს არის წამების სისტემური დანაშაული. გურამი დაკავების შემდეგ კლინიკაში აღმოჩნდა მძიმე დაზიანებებით - ამ დროს პროპაგანდისტული მედია მას წარმოაჩენდა როგორც აქციის ორგანიზატორს მოლდოვიდან, რომელიც საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა. სოხუმიდან დევნილ გურამს მოლდაველი დედა ჰყავს და ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თუმცა 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და არც ახლა აპირებს სადმე გადაცხოვრებას.
ის პოლიციელების მხრიდან წამების ფაქტის გამოძიებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სთხოვს - უწყებამ ის დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 20 მაისს დაიბარა გამოკითხვაზე.