რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს გზით ითხოვს, რომ სახელმწიფო მოგებად იქცეს თითქმის 1 მილიარდი რუბლი, ისევე როგორც 1,8 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ეკუთვნის ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილ თანამფლობელებს, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს. ამის შესახებ ტასი და რუსეთის სხვა სამთავრობო სააგენტოები იტყობინებიან წყაროზე დაყრდნობით.
იმის შესახებ, რომ მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა გენერალური პროკურატურის სარჩელი მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული, და „მენატეპის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პლატონ ლებედევის წინააღმდეგ, გასულ კვირაში გახდა ცნობილი. მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ სარჩელი 8 მაისს იქნა მიღებული. როგორც აღნიშნულია, ის შეტანილია რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დეტალებს არ ასახელებენ.
"რია ნოვოსტის" ცნობით, სარჩელზე პირველი ოფიციალური გასაუბრება 27 მაისს არის დაგეგმილი.
ასევე ნახეთ ხოდორკოვსკიზე კვლავ ძებნა გამოაცხადეს "ფეიკების" საქმესთან დაკავშირებითხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი ლებედევი „იუკოსის“ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. მათ ბრალად დასდეს აქციებისა და ნავთობის დატაცება, ასევე გადასახადებისთვის თავის არიდება. ორივე ნავთობკომპანიის საბჭოში იყო. 2005 წლის გაზაფხულზე მათ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, ვადები ერთი წლით შემცირდა, მაგრამ მათ ახალი ბრალდებები წაუყენეს.
მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წელს შეიწყალეს, რის შემდეგაც მან რუსეთი დატოვა. პლატონ ლებედევი 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს ციხიდან.
2015 წელს, ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მიხაილ ხოდორკოვსკი ძებნილთა სიაში იქნა შეყვანილი. 2024 წლის იანვარში ის კვლავ ძებნილთა სიაში აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმეზე რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გამო.
ახლა რატომ ითხოვს გენერალური პროკურატურა ხოდორკოვსკისა და ლებედევისგან დიდი თანხების ჩამორთმევას, სააგენტოთა წყაროები არ იუწყებიან. თავად ხოდორკოვსკის და ლებედევს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მიმდინარე წლის მარტში, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა თავისი განზრახვა, გაასაჩივროს ამსტერდამის სასამართლოს მიერ აპელაციის უარყოფა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილ აქციონერთა ჯგუფს 50 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადონ კომპანიის „ექსპროპრიაციის“ გამო. Reuters-მა ეს თანხა 60 მილიარდ დოლარად შეაფასა პროცენტების ჩათვლით.
მიხაილ ხოდორკოვსკი არის რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომიტეტი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა 2024 წლის იანვარში. ეს ორგანიზაცია რუსი საზოგადო მოღვაწეებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის მიერ დაარსდა 2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ორგანიზაციის მანიფესტში ნათქვამია, რომ მისი მიზანია ომის შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც ორგანიზაცია დიქტატორულად მიიჩნევს.