„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო.
ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი თავიდან ბოლომდე იმეორებს არსებულ კანონს და რომ პრეზიდენტს სამართლებრივი შენიშვნები არ გააჩნია.
მისი თქმით, სულ ბოლოს, მხოლოდ ერთი წინადადებაა დამატებული, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე - მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა“, - ამბობს ქადაგიშვილი:
„კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს არის ვეტო - ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა ჩამოვა, ალბათ, მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო.“
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე ამბობს, რომ ახლა პარლამენტს მოუწევს განიხილოს არსებული კანონი, რომელსაც ვეტო დაედო მხოლოდ ერთი პუნქტის დამატებით.
ქადაგიშვილის თქმით, ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი.
„პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ“, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წარმოდგენილ დოკუმენტს ახლავს სალომე ზურაბიშვილის წერილი, რომელშიც პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და რომ ის იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტისადმი დაწერილ წერილში წერს, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია, რომ ის "მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული."
"კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს!“"აგენტების კანონს" პრეზიდენტმა ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა:
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“.
ასევე ნახეთ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ჩამოთვლის რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტოსვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.