თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისაუბრა ევროკავშირის ოთხი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე, რომლებიც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. მან „ოჯახის სიწმინდის დღის“ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ეს იყო სამარცხვინო ფაქტი.
„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი [მივიდეს]. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, - თქვა კახა კალაძემ.
14 მაისს პარლამენტთან, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. მეორე დღეს, 15 მაისს კი, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ და მომიტინგეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.
ასევე ნახეთ აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ასევე ნახეთ "სად მივდივართ? - ევროპაში" - ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენსაქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პრეზიდენტთანაა. სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დასადებად ორკვირიანი ვადა აქვს. ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონის მიღებას.