15 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა, რომელსაც ეს პოსტი თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ეკავა. ამ ფაქტის კომენტირებისას, რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ დაუდოვმა გადაწყვიტა "საკუთარი თავი სხვა სფეროებში მოსინჯოს." მას არ დაუზუსტებია, რომელია ეს სფეროები.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ჩეჩნეთის პარლამენტის აწ უკვე ყოფილი სპიკერი შესაძლოა, სამუშაოდ ფედერალურ სამართალდამცავ უწყებაში გადავიდეს ან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაემგზავროს გარკვეული მისიის შესასრულებლად.
„დარწმუნებული ვარ, მაგომედ ხოჟახმედოვიჩი აუცილებლად შეძლებს თავისი გამორჩეული ლიდერობის ნიჭის გამოყენებას სხვა სფეროში", - განაცხადა რამზან კადიროვმა.
ცნობილია, რომ მაგომედ დაუდოვი ძალიან ახალგაზრდა ჩაება იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 2001 წელს იგი შეეცადა შეერთებოდა საველე მეთაურ შამილ ბასაევის დანაყოფს. 2009 წელს რამზან კადიროვს მოყოლილი აქვს, თუ როგორ აიყვანეს ტყვედ დაუდოვი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ არ მოეკლათ და დაარწმუნეს, რომ გადასულიყო კრემლის მხარეზე. მას შემდეგ დაუდოვი ჯერ ახმატ კადიროვის პირად დაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი სხვადასხვა სპეცრაზმს მეთაურობდა. 2007 წელს დაუდოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
დაუდოვს პარლამენტის სპიკერის პოსტზე შეცვლის 69 წლის შაიდ ჟამალდიევი, რომელიც რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის თანამებრძოლი იყო და მანამდე რამდენიმე ადგილობრივ სამინისტროს ედგა სათავეში.
ასევე ნახეთ
რა სჭირს კადიროვს და ვინაა აფტი ალაუდინოვი, "ფადიშაჰის" სავარაუდო მემკვიდრე?რამზან კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, ახლახან ზოგიერთმა პოლიტოლოგმა „კავკაზ.რეალიის“ რედაქციასთან საუბარში გამოთქვა ვარაუდი, რომ მაგომედ დაუდოვი შეიძლება გახდეს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მემკვიდრე.
ექსპერტები მეორე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევენ რუსეთის გმირს, ჩეჩენ გენერალ აფტი ალაუდინოვს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დააწინაურეს.