„ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიჰყავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავის ესტონელ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად 15 მაისს ერთი დღით, "აგენტების კანონზე" შეხვედრების გასამართავად ეწვია თბილისს.
დღის ბოლოს კი, ვიდრე დელეგაციის წევრებთან და დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქციისკენ გაემართებოდა, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „საქართველო ეკუთვნის ევროპას - ეს არის გზავნილი, რომელიც გვესმის ხმამაღლა და მკაფიოდ.
ამ გზავნილს არ ახლავს არანაირი ხინჯი, რომელიც დაგაეჭვებდა და გეზს შეგაცვლევინებდა, რაც გაფიქრებინებდა, რომ ეს თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, ბუნდოვანია ან მოკლევადიანი.
ეს არის კონტიტუციური და სულიერი განცდა, რაზეც ქვეყანა და მისი ხალხი აფუძნებს თავის რეალობას“. მისთვის სრულიად ნათელია, რომ „ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“ და რომ „აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალეობაზეა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ისახავს მიზნად: „თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან“.