ავტორი: მიშო სორდია
წარმოვიდგინოთ სამყარო სადაც მხოლოდ განათებული გამოქვაბულებია. კლდეში შეჭრილი უამრავი ღრიჭოები სადაც ცხოვრებით ვეღარავინ ტკბება. ჩვენ ყველას ჩამოგვართვეს უფლება ვიყოთ მატერიალური არსებები. გვქონდეს სხეულები. გაგვხადეს კანი, ჩამოგვართვეს ორგანოები და გავხდით გამჭირვალე მოგონებები. წარსულისკენ მოტრიალებულები შევცქერით ქვის კედლებს. მასში ვეძებთ სხვა პლანეტებს, იმ იმედით რომ იქნებ სხვაგან მიგვიღონ, მაგრამ მხდალი, მუნჯი, სიფრიფანა სილუეტები არავის სჭირდება.
ყოველდღიურობაში დაკარგულ აზრებთან ჭიდილში ნელნელა ვფერმკრთალდებით. ქვების ყურებაში გვავიწყდება ვინ ვიყავით, როცა მატერიალური სხეულები გვქონდა, მკვრივი, ცვრიანი. რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, საკუთარი თავის დავიწყებაა.
დუმილში მოძრავ უხარისხო ჩრდილებს დავემსგავსეთ, საბოლოოდ გამოიფიტა ჩვენში ადამიანობის მოგონება.
დილით, როდესაც ბუნების წიაღში საკუთარი არსებობით ხარობდნენ, ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები და მცენარეები, კლდის ნაჭრებზე, ბნელ ფუღუროებში ნიავდებოდნენ დროში შეჩერებული, სხეულის გარეშე დატოვებული უბადრუკი აჩრდილები. დაწრწოდნენ, ფართხალებდნენ და ფორიაქობდნენ, რადგან ახლოს იყო ის დღე როდესაც წარსული დაავიწყდებოდათ. საკუთარი არსებობა დაავიწყდებოდათ. ვინ იყვნენ, რას აკეთებდნენ, როგორები იყვნენ, ამ ყველაფერს დრო შთანთქავდა. ცდილობდნენ გაეხსენებინათ ადამიანობაში ჩადენილი სიბინძურეები, გმირობები, ვნებები, შვილები, ქვეყანა. მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ მოგონებებს ეძებდნენ. გამალებით ებღაუჭებოდნენ წარსულის ნიავს. ერთ-ერთ გამოქვაბულში, სადაც უსახელო სული ნომერი "ორიათასოცდაოთხი" სახლობდა, სიამოვნებისგან მოიგრიხა, დაიკლაკნა და თითქოს წამით განსხეულდა.
მან მოგონება დაიჭირა.
უსხეულო სული ნომერი "ორიათასოცდამეოთხეს" მოგონება.
"ბატონო! ჩემო ლამაზო, დიადო და ჭკვიანო ბატონო! ქალაქში ხმა გავარდა, ხეები თავს ვეღარ იკავებენ, გული მისდით, წყდებიან და ძირს ეხეთქებიანო! ხალხი დარდს აყოლია, თითქოსდა თქვენს საზოგადოებაში გამოჩენამ და თქვენი ბრწყინვალე სახის დანახვამ გადარია ადამიანები, ქვეყანა რომელიც თქვენს უკანა ეზოში ეტევა. შეუდარებელი ხართ!
ამის გამო უცნაური რამეები ხდება ქვეყანაშიო. თქვენს წმინდა სახეს დააბრალეს ყველაფერი ამ უმადურებმა, ის დაავიწყდათ ამხელა ტაძრები, რომ აუგეთ!
რამე მიბრძანეთ, თუნდაც უღირსობა, შევბღალავ საკუთარ ოჯახს, ცოლ-შვილს, ოღონდ თქვენ ისურვეთ, ოღონდაც თქვენ გამიღიმეთ, სახლის უკანა ეზოში დამაბით და თავზე მომეფერეთ. ოჰ!... როგორ ჟრიამულით წავაცლი თავებს ამ უგუნურებს. მათ არ იციან რომ თქვენ დიდებული ვინმე ხართ ბატონო ჩემო!
ვერ გავანდობ რათქმაუნდა რომ თქვენ ხორცშესხმული ღმერთი ბრძანდებით, ეს ხომ მხოლოდ მე ვიცი! ოჰ, ჩემო ლამაზო, დიადო და ჭკვიანო ბატონო! თქვენ უკეთეს ქვეყანას და უკეთეს ხალხს იმსახურებთ!"
საწერ მაგიდასთან, წელში გამართული, თვითკმაყოფილი ბატონი ზის. უძრავად, საფლავის ქვასავით მძიმედ უდევს მკვრივი სხეული და ქვეყნის მაკეტით ირთობს თავს. ალაგებს აქეთ იქით კაცუნებს, სოფლებს, ხეებს. მონების ქება დიდება მას სურნელოვანი ზეთივით ეღვრება კანზე.
მან საკუთარი თავი ბავშვობაში დაკარგა, მას შემდეგ ბრაზობს. ბრაზი ფულად აქცია, ფული კი ძალაუფლებად. ახლა კი ქვეყნის სათავეშია. მომნუსხველი, თვალისმომჭრელი და მოდური მბრძანებელი.
უსხეულო სული ნომერი "ორიათასოცდამეოთხეს" მოგონება შეწყდა.
შფოთავს საკუთარ გამოქვაბულში არაფრისმთმქელი გამჭირვალე ადამიანის მსგავსი მოხაზულობა. ვეღარ იხსენებს როგორ დამთავრდა მისი ბრძანებლობა. მან გაიაზრა ამ წამს, რომ იგი მალე გაქრება. აღარც მოგონებებში იარსებებს მისი თვითკმაყოფილი სახე, ფული, სიტყვები და სინანული. ის უკვე არავინაა. მალე არავინაც აღარ იქნება.
მან ერთი ჭეშმარიტება არ იცის, რომ საქართველომ ცხოვრება განაგრძო.