ISW: რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში რვა კილომეტრით წინ წაიწიეს

ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევასთან ერთად რუსეთის ჯარები განაგრძობენ ქალაქ ხარკოვის დაბომბვას.

უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე ინტენსიური შეტევის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს რუსეთის საზღვრიდან არაუმეტეს რვა კილომეტრის მანძილზე. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა 10 მაისს დაიწყეს.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა.

უკრაინის ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ბელგოროდის ოლქს შორის მსგავსი „სანიტარიული ზონის" შესაძლო შექმნის შესახებ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 15 მაისს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოიგერიეს ოთხ რაიონში და ბრძოლა გრძელდება კიდევ ხუთი მიმართულებით, მათ შორის ქალაქ ვოლჩანსკთან. ამასთან, გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მომართულებით რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს და „უფრო მომგებიან პოზიციებზე გადაჯგუფდნენ“.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის ოლქში ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხიეს

15 მაისს, დღის პირველ ნახევარში, უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, ლუკიანცის და ვოლჩანსკის რაიონების ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის ჯარების ინტენსიური საცეცხლე და მოიერიშე ქმედებების გამო, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებისა და დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მანევრი ჩაატარეს და უფრო მომგებიან პოზიციებზე გადაინაცვლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ხარკოვის ოლქის სოფლები გლუბოკოე და ლუკიანცი და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა მედიას უთხრა, რომ რაბოტინოს შესახებ რუსეთის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე რთული ვითარების გამო გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.

ასევე ნახეთ ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს?